Pages

Monday 13 August 2012

ყველაზე უარესი უარესებს შორის? – არის კი ადამიანის უფლებები საყოველთაო?!



რამოდენიმე კვირის წინ მივლინებით საკუთარ ქვეყანაში ჩასვლა და კვლევაზე მუშაობა მომიწია. ამ პერიოდის განმავლობაში შევხვდი ძალიან ბევრ მოღვაწეს ადამიანის უფლებების, სამედიცინო და სისხლის სამართლის სფეროში. ბევრი მათგანისათვის ადამიანის უფლებები პროფესიად ქცეულა - იმდენად ღრმა პროფესიად - ადამიანებს რომ ვერ ამჩნევენ ირგვლივ; ბევრისათვის ეს ყველაფერი იმდენად პირადულია, რომ ემოციის გარეშე ვერ ლაპარაკობს; ბევრისთვისაც ადამიანის უფლებები შაბლონურ განცხადებებად რჩება, რითაც საერთაშორისო ორგანიზაციებს და ‘დიდ ბიძიებს’ - ფულიანი ჯიბეები კარგად რომ აქვთ გამოტენილი - თავს აწონებენ და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე ლეგენდებს უყვებიან, რათა კიდევ უფრო მეტი დაფინანსება მიიღონ ისეთი ფულის მკეთებელი მანქანებიდან როგორიცაა ევროპის კავშირი, ან ამერიკის შეერთებული შტატები.

დახმარება, ფოკუს ჯგუფის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად, თვით-მოქმედ ორგანიზაცია ახალ ვექტორს ვთხოვე. ეს ახლად დაფუძნებული ჯგუფი შედგება ყოფილი ან აქტიური ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირებისაგან, სადაც ერთმანეთს თავად ეხმარებიან, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სოციალურად, ემოციურად და ხშირად ეკონომიურადაც.

შეხვედრისას ფოკუს ჯგუფში შევეცადე ამეხსნა ვიზიტის და საერთოდ კვლევის მიზანი, თუმცა კომენტარმა, რომელიც ჯგუფის მონაწილემ გააკეთა საუბრის დასაწყისშივე, სრულებით შეცვალა ის შეხედულება რაც კი შეიძლება მანამადე ყოფილიყო ჩამოყალიბებული. ‘ადამიანის უფლებები არ არის ყველასათვის. ეს თქვენთვის, მისთვის, სხვისთვის არის შექმნილი რათა გაგიადვილდეთ ცხოვრება. ჩვენ (ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანები) არა მარტო არ ვსარგებლობთ და/ან გვაქვს ადამიანის უფლებები, არამედ საზოგადოების ნაწილად არ ვართ მიჩნეული’. წამიერად დავიბენი და ის პათოსი, რაც როგორც წესი ინტერვიუს ჩატარებისას მაქვს ხოლმე მოპასუხის გასამხნევებლად უეცრად გაქრა. ყოველგვარი ცოდნა, რომელსაც მსგავსს სიტუაციებში ვიყენებ გაუფასურდა და სრულიად უსუსურ არსებად ვიქეცი, ჩემმა სტატუსმაც აზრი დაკარგა....

ეს არ იყო ისე, უბრალოდ ნათქვამი სიტყვები; ეს იყო გულის სიღრმიდან ტკივილის, წლების განმავლობაში დაგროვილი რეპრესიის, დამცირების, შეურაცხყოფისა და კიდევ მრავალი ნეგატიური განცდების ამოძახილი ერთად.

მდგომარეობა ერთ-ერთმა დამსწრემ განმუხტა...

მივხვდი, აქ მსგავსი განცდები უცხო არ არის... აქ ყველა ყველას ტკივილს განიცდის და ყველა ყველას უთანაგრძნობს. აქ ყველა ერთნაირია და თანასწორობასაც კარგად უპოვია საკუთარი ნიშა. აქ შესაძლებელია ადამიანის უფლებებზე საუბარი ისე, თითქოს ჩაკეტილ სისტემაში გვიწევს მუშაობა და კედლებს იქით სხვა სამყაროა.

კედლებს იქით სხვა სამყაროა...

ახალ ვექტორში ყველა ერთი ოჯახის წევრია. აქ როგორც ქალებს, ასევე კაცებს თავისი როლი და ფუნქცია აკისრიათ. კაცებს – მტკიცე და მკაცრ თემებზე უწევთ საუბარი; ქალებს – ყავაზე და ტკბილეულზე უწევთ იმის გახსენება თუ როდის და როგორ გახდნენ პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი და როგორი იყო მათი ცხოვრება ციხის კედლებს მიღმა ნარკო-დამოკიდებულების მდგომარეობაში.

‘მაშინ ამხანაგები იყვნენ, ახლა ბატონები არიან, თუმცა ბატონებმა არ იციან რომ თავად ამხანაგებიც არ იქცეოდნენ ისე მდაბიოდ როგორც თავად იქცევიან’ – ამბობს ჟანა და საოცარი მზერით ჩახრის თავს – ჟანას ინტელექტი და თავისუფალი ბუნება ბევრს შეშურდება კედლებს  გაღმა და გამოღმა.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ აშკარა აგრესიისა ამ ჯგუფის მიმართ, ერთმანეთის გატანა და დახმარება თითქოს ბუნებრივ რეფლექციად ქცეულა ვექტორში. ერთმანეთის გამხნევება, სწავლება და საზოგადოებრივ საწყისებზე აქტიურობა, აქ არ არის სამუშაო სადაც პროფესიონალი კოლექტივია დაქირავებული საქმის საკეთებლად, არამედ ეს მოთხოვნილებაა, სავალდებულო და ყოველდღიური საქმეა, საკუთარი და მეგობრების უფლებების, ხშირად სიცოცხლის დასაცავად და სოციალური სამართლიანობის მისაღწევად - საზოგადოებაში სადაც ცხოვრება თავადაც უწევთ.


გამომშვიდობებისას საოცარი სითბოთი მაცილებს ყველა. იმედი და მომავლის რწმენა მათ თვალებშია აციმციმებული. 

მათთან ერთად მეც მიჩნდება რწმენა. რწმენა იმისა, რომ ადამიანის უფლებები არის საყოველთაო (იმის მიუხედავად რომ ყოველდღიურად საპირისპიროსთან მიწევს ბრძოლა)... რომ ადამიანის უფლებების, როგორც კონცეფციის ჩამოყალიბებისას საზოგადოებასა თუ სახელმწიფოთა შორის ორგანოებში,  გრადაცია ადამიანებისა ნარკო-დამოკიდებულების მქონეებად, კრიმინალებად, შავებად, თეთრებად, ან სქესის მიხედვითნ არ ხდებოდა. 

ყველა განურჩევლად სტატუსისა, სქსისა, განათლების დონისა და ა.შ. ერთად იმსახურებს სახელმწიფოს და საზოგადოების ემპათიას, დაცვას და კეთილგანწყობას. 

10 აგვისტო, 2012 წელი