Pages

Thursday 13 August 2015

სამართალმა გლახო ჭამა სიღნაღში! რეცეპტი იმისა რომ ქართულმა სამართალმა ყბაში არ მოგიქციოს


ამას წინათ ვწერდი ერთი ჩემი ნაცნობის შესახებ რომელიც გამოყენებული იქნა ქურდობის აღსასრულებელ იარაღად სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯში (ყარაღაჯი ადმინისტრაციული მართვის თვალსაზრისით მიეკუთვნება სიღნაღის რაიონის გამგეობას რაც იმას გულისხმობს რომ აღნიშნული რაიონის სასამართლო და პროკურატურა ახორციელებს 'სამართლის აღსრულებას' ამ ტერიტორიაზე).

ახლაც, ჩემი ბლოგის ფოკუსია გახა მენთეშაშვილი (გლახო) - რომელსაც სიღნაღის რაიონის სასამართლომ შეუფარდა წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით. მან ორი თვე გაატარა წინასწარ პატირობაში. მიუხედავად იმისა რომ სიღნაღის პროკურატურამ და ამავე რაიონის სასამართლომ იცოდა და დოკუმენტურად ჰქონდა მტკიცებულება იმის შესახებ რომ გლახო არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (იღებდა პენსიას სახელმწიფოსგან).

აღნიშნული ფაქტის შესახებ და გლახოს დასახმარებლად თხოვნით მე პირადად მივმართე რიგ ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანოებს, რომელთა დახმარება შემოიფარგლა 'სამართლებრივი კონსულტაციით' - კანონიდან ამონარიდის განმატებით, რომელიც იმაში მდგომარეობდა რომ გლახოს ექპერტიზა უნდა ჩატარებოდა (აღნიშნული ექსპერტიზა გლახოს სახელმწიფომ არაერთხელ ჩაუტარა რადგან ამავე სახელმწიფომ მას პენსია დაუნიშნა მრავალი წლის წინ).

რეალური ფაქტი გლახოს დანაშაულისა კი იმაში მდგომარეობს რომ იგი დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული იქნა როგორც უშუალო ამსრულებელი (გადააპარეს და უშუალოდ გამოატანინეს ღვინო სადგომიდან). უფრო მეტიც, მისი გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობა იმას მიათითებს რომ გლახო ვერ აცნობიერებდა ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, ხოლო ისინი ვინც დაავალა მას საცხოვრებელ სადგომში გადასვლა და ღვინის მოპარავა, იყენებდნენ მის  მდგომარეობას იცოდნენ რა რომ გლახო მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.

ქურდობაში მონაწილეობდა 3 სხვა პირი, რომლებიც არა მხოლოდ არ არიან მიცემული პასუხისგებაში, არამედ ისინი სრულიად თავისუფლად და სინდისის ქეჯნის გარეშე განაგრძობენ არსებობას.

გლახოს არ ჰყავს ნათესავები. მისი დედმამიშვილი (და) იგივე მენტალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე როგორც გლახო, სრულიად მშვიდად ხვდება მენტალურად ფსიკიქური პრობლემების მქონე (თუნდაც მისი ძმის) ქართულ ციხეში გამოკეტვას. გლახო, ცხოვრობდა ცოლთან (რომელიც იყო ერთადერთი ადამიანი ვინც გლახოს ბედით ინტერესდებოდა), რომელიც 4 დღის უკან წნევის შეტევით გარდაიცვალა ნერვიულობის ნიადაგზე. 

2 თვიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ სიღნაღის პროკურატურამ და მისმა ჯიბის აღმასრულებელმა სასამართლომ იმის ნაცვლად რომ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო საქმე დახუროს და გააუქმოს გლახოს უსჯიან 6 თვიან იძულებით მკურნალობას.

აქვე მინდა ნათელი მოვფინო თუ ვინ არიან სიღნაღის რაიონის სასამართლოს ბეჯითი და სამართლის სადარაჯოზე მდგომი მოსამართლეები. ირაკლი ბონდარენკო - თავმჯდომარე; სხვა დანარჩენი მოსამართლეები: შორენა ყაველაშვილი; ვალერიან ბუგიანიშვილი; გიორგი ბუხრაშვილი.

ამავე სიღნაღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი არ მგონია ასეთი საქმეებით ინტერესდებოდეს, მისი ინტერესი უფრო უძრავ ქონებას უკავშირდება და კახეთის მიწებს როგორც ჩანს მისი საპარლამენტო გვერდიდან.

იციან იზიყელებმა მიწის ფასი! ოღონდ, ამავე ქიზიყელებმა ადამიანის ფასი არ იციან. არც იმის ფასი იციან თუ რა არის სამართალი და სამართლიანობა. ღირებულება ადამიანურობისა და ღირსებისა. კითხვა რომელიც აქვე მიჩნდება არის - რომელიმე ზემო მოყვანილმა მოსამართლემ განსაკუთრებით კი მან/მათ ვინც გლახოს კრიმინალად ჩამოყალიბებაში (და დანარჩენი თანაამსრულებლების უდანაშაულოდ გასაღებაში!!!) დიდი როლი შეასრულა - თუ აქვს გაცნობირებული ზემოთ მოყვანილი ღირსების ცნების მნიშვნელობა?

სამართალმა იზეიმა იმათ სახლშიც ვისი ღვინოც იქნა მოპარული. ყველას დააინტერსდება როგორ სძინავს ამ ოჯახის 4 სულს მშვიდად როდესაც ერთი სრულიად უსაფრთხო და მშვიდი, კეთილი გლახო კრიმინალად იქნა გასაღებული ხოლო მისი ცოლი, ამავე დაზარალებულების გვერდით სახლში ტახტზეა დასვებენული. ხვალ ან ზეგ ალბათ გასვენებაში წავლენ და ხაშლამას და შილა ფლავს მათი სახლიდან მოპარულ ღვინოს დააყოლებენ რათა დაულოცონ გლახოს ცოლს ღმერთთან მიმავალი გზა.

გლახოს საქმეზე ყველა იმ ინსტიტუტს დავუკავშირდი საქართველოში ვისი შეწუხებაც შემეძლო, ვისაც ვიცნობდი, ან არ ვიცნობდი. სადაც მეგობრობები მეგულებოდა. ვისაც ევალება ასეთი საქმით დაინტერესება. ომბუდსმენი; ჩემი საწევრო ორგანიზაცია - იქ სადაც პროფესიულად გავიზარდე და რომლის ხელმძღვანელობას პირადად აქვს გამოცდილი საკუთარ ოჯახზე რას ნიშნავს სამართალის ძებნა; იმ ინსტიტუტებს რომლმებსაც ბევრ, ძალიან ბევრ ვალდებულებებს აკისრებს კანონი, საერთაშორისო პრინციპები და უბრალო ადამიანობა - რამით დახმარება გაუწიონ გლახოსნაირებს.

ოღონდ - ხმა მღაღადებლისა დარჩა (კვლავაც რჩება) უდაბნოსა შინა.

კითხვები რომლებიც ლოგიკური მეჩვენება ასეთ შემთხვევებში:

- რისთვის გჭირდება სამართალი და მისი ცნება ქვეყანაში თუკი იგი არაა მორგებული ქვეყნის ყველაზე უფრო მარგინალურ ჯგუფებზე? 

- სამართალი პური და კარაქი კი არაა საბჭოთა კავშირის მაღაზიის ვიტრინებიდან როგორც გინდა ისე რომ მოიხმარო? 

ოღონდ - ფაქტები რჩებიან:

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოკეტილი გლახო, რომელსაც იძულებით მკურნალობენ - მხოლოდ ქართულმა, გლახოს მჭამელმა სასამართლომ იცის რა საშუალებები გამოიყენება მის სამკურნალოდ.

გლახოს გარდაცვლილი ცოლი რომელიც სიღატაკის შემდეგ საზღვრებით დაინტერესებულ სიღნაღის რაიონის მუნიციპალიტეტს და გლახოსნაირების ჭამით სიღნაღურ, გაზულუქებულ სამართალს ემახსოვრება მხოლოდ.  

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა შემდეგს ითვალისწინებს: სასჯელის მიზნებია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. 

კითხვები რომლებიც კვლავაც ჩნდება არის რომელი მათგანის მიღწევა მოხდა გლახოს საქმეში? ხომ არ არის ქართული სამართალი იმ ხანაში როდესაც ქართული პროკურატურის სუნიანი და დაღრეჯილი კბილები შთანთქმით ემუქრება ყველას ვინ წინ დაუდგება მას?